ქართველი ადვოკატების ახალი შესაძლებლობები - ისრაელის ადვოკატთა ასოციაციასთან მემორანდუმი გაფორმდა

31 ოქტომბერი 2017

დღეს, 2017 წლის 31 ოქტომბერს ისრაელში, ქ. თელ-ავივში ისრაელისა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციების საერთაშორისო ურთიერთობათა მდივნებმა - თამარ საკერდოტმა და დავით ასათიანმა ასოციაციებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.

 

გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა დაგროვილი გამოცდილების, საუკეთესო პრაქტიკისა და ინფორმაციათა გაზიარება იურიდიული პროფესიის გაძლიერების მიზნით, შეხვედრების მუდმივი ფორმირება განგრძობადი იურიდიული განათლების მხარდაჭერისათვის.

 

ამავე მემორანდუმით მხარეებმა დაგეგმეს იურიდიული ფირმებისა და კერძო პრაქტიკის მქონე ადვოკატთა ქსელის შექმნა ორ ქვეყანას შორის ადვოკატთა ურთიერთკავშირის გაძლიერებისათვის. მუდმივ ხასიათს მიიღებს ხელმომწერ ასოციაციებს შორის სამართლისა და ადვოკატის პროფესიის აქტუალურ საკითხებზე კონფერენციების, სამუშაო შეხვედრებისა და სემინარების ორგანიზება როგორც ადვოკატების, ასევე ბიზნესის წარმომადგენლებისა და ინვესტორების მონაწილეობით.

 

მემორანდუმი საქართველოს და ისრაელის ადვოკატებს ფართო შესაძლებლობას აძლევს, აიმაღლონ კვალიფიკაცია და მიიღონ ორივე სახელმწიფოში აკრედიტებული სერტიფიკატები და გაიზიარონ საერთაშორისო გამოცდილება.

 

განსაკუთრებით აღსანიშნავია ის უპრეცედენტო მიღწევა, რომელიც გულისხმობს ისრაელის ადვოკატებისა და საადვოკატო ბიუროების მხრიდან საქართველოს მოქალაქეების, მათ შორის ტურისტების, ემიგრანტების, ვიზიტორების სამართლებრივ მხარდაჭერას ისრაელის ტერიტორიაზე და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თავად ისრაელის ადვოკატთა ასოციაციის სათანადო ჩართულობას   საელჩოს მეშვეობით.

 

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სახელით მოლაპარაკებებს აწარმოებდა ასოციაციის საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი, დავით ასათიანი. ,,მინდა ჩვენი კორპუსის წევრებს მივულოცო ეს წარმატება და აქვე დავძენ, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია - მემორანდუმის ფარგლებში არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება დაიგეგმა, რაც კიდევ ერთი შესაძლებლობაა ქართველი ადვოკატებისათვის მიიღონ საერთაშორისო გამოცდილება და მხარდაჭერა” - განაცხადა დავით ასათიანმა.

 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი